logo
ENG



გამყრელიძე: პანდემიასთან ბრძოლაში გადაწყვეტილებებს ექიმები იღებენ და არა პოლიტიკოსები

20 მარ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიასთან ბრძოლაში გადაწყვეტილებებს ექიმები იღებენ და არა პოლიტიკოსები - მსგავსი რეაგირება მოჰყვა მთავრობიდან ოპოზიციური პარტიების ინიციატივებს, სწრაფი ტესტების სათანადო რაოდენობის ქვეყანაში დროულად შემოტანასთან დაკავშირებით. ოპონენტებმა დღეს ხელისუფლებას უცხოელ პარტნიორებთან შუამდგომლობაც შესთავაზეს, - ტესტების იმპორტის გასაადვილებლად.

ოპოზიციის თქმით, მთავრობამ რეაგირება დააგვიანა და ეპიდსიტუაციიდან ერთი თვის თავზეც ვერ უზრუნველყოფს იმ მთავარი პრევენციული მექანიზმის ამოქმედებას, რომლისკენაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სახელმწიფოებს მოუწოდა - ხშირი, სწრაფი, აგრესიული დიაგნოსტირება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ტესტების დამატებითი მარაგები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოვა და საკითხის კომერციალიზაცია დაუშვებელია. 

ოპოზიცია მზად არის - ხელისუფლებას დაეხმაროს და უშუამდგომლოს კომპანიასთან, რომელსაც სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე უკრაინისთვის ჩამოაქვს.

პოლიტიკოსებს მთავრობის ადმინისტრაციიდან უპასუხეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ დიაგნოსტიკა ექიმის გადაწყვეტილებით უნდა ჩატარდეს და როცა საქმე ეპიდემიას ეხება, საკითხის კომერციალიზაცია მიზანშეწონილი არ არის.

რაც შეეხება ტესტების მარაგს, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მომავალ კვირას ჩინეთიდან ნაჩუქარი 1000 ტესტი ჩამოვა. თითქმის დასრულებულია მოლაპარაკებები კორეასთანაც - 200 ათასი ტესტის შესახებ. 

სწორედ ტესტების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტებიც დაესწრნენ. სპეციალისტების პოზიციები იყოფა. მათი ნაწილი ხელისუფლების პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ საყოველთაო დიაგნოსტიკა აუცილებელი არ არის. თუმცა ამ მოსაზრებას ექსპერტთა ნაწილი ეწინააღმდეგება - მათ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მასშტაბური დიაგნოსტიკა მიაჩნიათ.

მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საყოველთაო ტესტირების რეკომენდაცია გასცა, „აგრესიულ ტესტებზე“ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ალაპარაკდა. თუმცა ქვეყანას ჯერ ამის საშუალება ასრ აქვს.


close დახურვა